გადარჩენილი მიგრანტებით სავსე გემს საფრანგეთმა პორტში შესვლის უფლება არ მისცა
გადარჩენილი მიგრანტებით სავსე გემს საფრანგეთმა პორტში შესვლის უფლება არ მისცა

საფრანგეთმა ჰუმანიტარულ გემ „აკვარიუსს“ მარსელის პორტში შესვლის უფლება არ მისცა. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. ბრუნო ლე მერის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ევროკავშირის საერთო მიგრაციული პოლიტიკაა, რომლის წესებიც ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას.

პოლიტიკოსმა განმარტა, რომ საფრანგეთი გაერთიანების მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს, რადგან ქვეყანამ 2017 წელს თითქმის 100 ათასი მიგრანტი მიიღო.

„მიგრაციასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვხატოთ ნათელი, ყველასთვის გასაგები პოზიცია. უახლოესი 25 წლის განმავლობაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა. ამიტომ, თუ საერთო პოზიციას არ მივყვებით, მიგრაციულ კრიზისს ვერ გავუმკლავდებით“,- განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა.

ჰუმანიტარული ორგანიზაცია SOS Mediterranee-ის კუთვნილ გემზე ამჟამად 58 მიგრანტი იმყოფება. ისინი ორგანიზაციის მაშველებმა ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში გადაარჩინეს.