საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით დავების დარეგულირების მექანიზმი აამოქმედეს
საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით დავების დარეგულირების მექანიზმი აამოქმედეს

საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით დავების დარეგულირების მექანიზმი აამოქმედეს. ამის შესახებ ნათქვამია სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

„ჩვენთვის მიუღებელია არგუმენტი, რომ ირანს აქვს უფლება, შეამციროს ერთობლივი საყოველთაო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები“, – აღნიშნულია საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის განცხადებაში.

სამი ქვეყანა აღნიშნავს, რომ მათ სხვა არჩევანი არ დარჩენიათ, გარდა პროცესის დაწყებისა, რომელსაც შესაძლოა, გაერო-ს მიერ სანქციების დაწესება მოჰყვეს.

„კურსის გადახედვის ნაცვლად, ირანმა აირჩია ვალდებულებების კიდევ უფრო შემცირების გზა“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

იანვრის დასაწყისში ირანმა უარი განაცხადა ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილის შესრულებაზე, კერძოდ, ურანის გამდიდრების შეზღუდვაზე. თუმცა თეირანმა აღნიშნა, რომ გაერო-ს ბირთვულ სააგენტოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში სამი ევროპული ქვეყანა ბირთვული შეთანხმებისადმი მხარდაჭერას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ შეთანხმების შეუსრულებლობა მთელს რეგიონს საფრთხეს უქმნის.

ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის ბირთვული შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ხელმოწერილი დოკუმენტი საერთაშორისო სანქციების გაუქმების სანაცვლოდ ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებდა. 2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო და თეირანს სანქციები დაუწესა, მოგვიანებით ირანმა განაცხადა, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილს აღარ შეასრულებდა.