საფრანგეთისა და გერმანიის ელჩების განცხადება - ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ეს ისტორიული შესაძლებლობაა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის
საფრანგეთისა და გერმანიის ელჩების განცხადება - ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ეს ისტორიული შესაძლებლობაა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის

ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ამ რეგიონში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრისა და გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ერთობლივ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამასთან, ელჩების განცხადებით, იწვევენ ქართველ მეგობრებს, ფოკუსირდნენ ამ შესაძლებლობაზე და გააერთიანონ ძალები 12 რეკომენდაციის განხორციელების გარშემო.

„დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის წლისთავზე ჩვენ, საქართველოში საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს, გვსურს, გავგზავნოთ იმედის, ერთიანობისა და სიმტკიცის სიგნალი.

იმედი – საფრანგეთმა და გერმანიამ აჩვენეს, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და შერიგება შესაძლებელია. ჩვენი ქვეყნები, რომლებიც ოდესღაც სასტიკ მტრებად ითვლებოდნენ და მარადიულ კონფლიქტსა და ომში ყოფნისთვის იყვნენ განწირული, უნიკალურ, სისტემატურ და სანდო პარტნიორებად, ევროპული იდეალის მიმართ ერთგულ ქვეყნებად გადაიქცნენ. ევროკავშირის პროექტმა განადგურებული კონტინენტი აქცია კეთილდღეობის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის სივრცედ.

ეს გამოცდილება გვაძლევს იმედს. დღეს ჩვენ გვსურს მშვიდობა, რომელიც აღადგენს უკრაინას თავისი უფლებებში და სამართლიანობას მოიტანს მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი მრავალი დანაშაულის მსხვერპლთათვის. ჩვენ გვსურს მშვიდობა, რომელიც ჩვენს კონტინენტზე ყველასთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების სივრცის შექმნის საშუალებას გვაძლევს.

ერთიანობა – ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობაში. ჩვენ ერთიანი ვართ ყველასთან, ვინც გმობს გაერო-ს წესდებაში დაფიქსირებული საერთაშორისო სამართლის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას და უარს ამბობს ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლაზე.

ჩვენი ერთიანობა მოიცავს ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში, ჩვენს ნატოელ მოკავშირეებსა და გაერო-ს, რომლის გენერალურმა ასამბლეამ არაერთხელ და აბსოლუტური უმრავლესობით მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული ომი, გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინიდან და პატივი სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენი ერთიანობა მოიცავს საქართველოს, რომელმაც ყველაზე მეტად იცის ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მნიშვნელობა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

კონფლიქტის დაწყებიდან ქართველებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოავლინეს, რასაც მოწმობს ყველა უკრაინული დროშა თბილისში. საქართველომ, გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინას მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს. ჩვენ მივესალმებით უკრაინის იმ მეზობელ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, რომლებმაც დიდი სოლიდარობა და ჰუმანურობა გამოავლინეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ლტოლვილებისა და მესამე ქვეყნის მოქალაქეების მიღებისას. ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, უკრაინას უზრუნველვყოფთ არსებითი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერით რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან და ასე გავაგრძელებთ იმდენ ხანს, რამდენი ხანიც დასჭირება უკრაინას საკუთარი თავის დასაცავად.

სიმტკიცე – პრეზიდენტმა პუტინმა დიდი ტაქტიკური და სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. მას ეგონა, რომ უკრაინა რამდენიმე დღეში დაეცემოდა.

ერთი წლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ შედეგს: უკრაინა გმირულ წინააღმდეგობას უწევს და აქვს ყველა თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების მხარდაჭერა. მეორე მხრივ, რუსეთი დგამს სასტიკ, ესკალაციის გამომწვევ ნაბიჯებს, მათ შორის ახორციელებს უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. რუსეთი ჩადის ომის დანაშაულებს და დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ. რუსეთი მიზანმიმართულად იწვევს სურსათისა და ენერგორესურსების დეფიციტს, აფერხებს მიწოდების ჯაჭვებს და იწვევს ფასების მკვეთრ ზრდას, რაც აძლიერებს საერთაშორისო საზოგადოებისგან მის იზოლაციას.

ჩვენ სოლიდარულები ვართ ჩვენი პარტნიორებისა მთელ მსოფლიოში, რომლებიც უძლებენ პრეზიდენტ პუტინის ცალმხრივი არჩევანის მზარდ ფასს, აწარმოოს ომი ევროპაში.

რუსეთი ვერ და არ მოიგებს. ევროკავშირი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს უკრაინისადმი ერთსულოვან მხარდაჭერაში და შემდგომ ეკონომიკურ ხარჯებს დააკისრებს რუსეთს, იმ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს რუსეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც ამ ომს პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ. ჩვენ გავაგრძელებთ სახსრების მობილიზებას, რათა შევამსუბუქოთ იმ ადამიანებისა და ქვეყნების ტანჯვა, რომლებიც რუსეთის აგრესიის შედეგად ყველაზე დაუცველები არიან მსოფლიოში.

ერთი წლის შემდეგ ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ამ რეგიონში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და მშვიდობის გავრცელებისთვის, როგორც ეს ევროკავშირის წინა გაფართოებებმა მოახდინა. ევროკავშირში გაწევრიანება გრძელი გზაა. ის გულისხმობს არა მხოლოდ ევროკავშირის მიზნებისა და ღირებულებების მიღებას, არამედ ევროკავშირის კანონმდებლობის, სტანდარტებისა და ნორმების მიღებას. 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიწვევთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, ფოკუსირდნენ ამ შესაძლებლობაზე და გააერთიანონ ძალები 12 რეკომენდაციის განხორციელების გარშემო“, – ნათქვამია ელჩების ერთობლივ მიმართვაში.