საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - ფრანგული ავტომწარმოებელი, თავდაცვის მცირე და საშუალო საწარმოებთან თანამშრომლობით, უკრაინაში უპილოტო აპარატების წარმოებას დაიწყებს
ფრანგული ავტომწარმოებელი, თავდაცვის მცირე და საშუალო საწარმოებთან თანამშრომლობით, უკრაინაში უპილოტო აპარატების წარმოებას დაიწყებს – ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასთაინ ლეკორნუმ განაცხადა.
საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ამას კიევთან „ურთიერთსასარგებლო“ პარტნიორობად მიიჩნევს. სებასტიან ლეკორნუს აპარატების ტიპი არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იქნება განკუთვნილი.
ლეკორნუმ ასევე აღნიშნა, რომ ეს აპარატები საფრანგეთის შეიარაღებული ძალებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რათა მათ მუდმივი ტაქტიკური და ოპერატიული მომზადება ჰქონდეთ, რომელიც უკრაინაში ომის რეალობას შეესაბამება.
„ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ პარტნიორობას, რომლის ფარგლებშიც მსხვილი ფრანგული საავტომობილო კომპანია გააერთიანებს ძალებს ფრანგულ თავდაცვის მცირე და საშუალო საწარმოებთან, უკრაინაში უპილოტო აპარატების წარმოებისთვის საწარმოო ხაზების შექმნისთვის“, – განაცხადა სებასტიან ლეკორნუმ.