საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა „ალ ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ფლორენს პარლი აცხადებს, რომ საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა „ალ ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ფლორენს პარლის განცხადებით, აფრიკაში, საჰელის რაიონში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია „ალ ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი ბაი ბაკაბო და ტერორისტული ორგანიზაციის სამი მებრძოლი.
მინისტრის თქმით, ბაი ბაკაბო 2013 წელს, მალიში ფრანგი ჟურნალისტების მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი.
გარდა ამისა, ფლორენს პარლის განცხადებით, რაიონიდან ჯარების გაყვანის თაობაზე პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილების მიუხედავად, საფრანგეთი ტერორიზმთან ბრძოლას არ შეწყვეტს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აფრიკის საჰელის რაიონიდან საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება.