საფრანგეთის სუპერმარკეტებზე განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო ქვეყნის საგარეო უწყებაში ირანის ელჩი დაიბარეს

14:52, 10.11.2026

საფრანგეთში ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ თეირანი გააფრთხილა, რომ პარიზს შეუძლია, კიბერზომებით უპასუხოს.

საფრანგეთის საგარეო უწყებაში ირანელი ელჩის დაბარების მიზეზი გახდა ის, რომ ქვეყნის სუპერმარკეტების მაცივრებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, რაშიც პარიზი ბრალს სდებს თეირანს. კიბერთავდასხმის შედეგად 700-მდე სავაჭრო ობიექტში სურსათი გაფუჭდა.

ამასთან, როგორც „ფრანს ინფო“ იტყობინება, ბარო „უპრეცედენტო მასშტაბის აგრესიის გამო“ ევროკავშირისგან სანქციების დაწესებას მოითხოვს. მისი თქმით, საფრანგეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.

„ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის ზოგიერთს, რომელსაც საჯაროდ არ განვიხილავთ, თუ მათ პროპორციულად და საჭიროდ ჩავთვლით, ნებისმიერი ახალი თავდასხმის შესაჩერებლად და ამ მიუღებელი აგრესიისთვის პასუხისმგებელი პირების დასასჯელად“, – განაცხადა ბარომ.

ცნობისთვის, საფრანგეთი ირანს სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებულ კიბერშეტევაში სდებს ბრალს, რის შედეგადაც დაახლოებით 700 სავაჭრო ობიექტში სურსათი გაფუჭდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს თქმით, ეს საფრანგეთის ტერიტორიაზე დივერსიული მიზნებით განხორციელებული პირველი ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა იყო.

მსგავსი კიბერშეტევები მიმდინარე თვის დასაწყისში შვედეთის, ბელგიისა და ირლანდიის სუპერმარკეტებზეც მოხდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს შემთხვევები საფრანგეთში მომხდარ თავდასხმას.

მსგავსი