საფრანგეთის შსს-ს ინფორმაციით, ყვითელჟილეტიანების რიცხვმა იკლო, რასაც პარიზელების ნაწილი არ ეთანხმება
საფრანგეთის შსს-ს ინფორმაციით, ყვითელჟილეტიანების რიცხვმა იკლო, რასაც პარიზელების ნაწილი არ ეთანხმება

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების 25-ე მანიფესტაციას აფასებენ. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ინფორმაცია გაავრცელა. გუშინდელი მანიფესტაციის დაწყებიდან ერთ საათში განცხადება გააკეთა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კასტანერმა, რომლის გადადგომასაც ყვითელჟილეტიანები ითხოვენ. კასტანერის განცხადებით, პარიზში 1000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი და ყვითელჟილეტიანების 25-ე მანიფესტაცია ყველაზე მცირერიცხოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა დროს ჩატარებული საპროტესტო აქციები.

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქცია დასრულდა, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ დათვალეს ადამიანები, რომელთაც ყვითელი ჟილეტები ეცვათ და მათი რაოდენობა პარიზში 1460 იყო. უწყებამ დღის ბოლოს დაკავებულების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია. საფრანგეთის შსს-ს მონაცემებით, გუშინ მხოლოდ პარიზში სამართალდამცველებმა ათი ადამიანი დააკავეს.

უწყებაზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედიის ნაწილმა მოამზადა რეპორტაჟები, სადაც ნათქვამია, რომ მანიფესტანტთა რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია და მათი რაოდენობა 1500-ს არ აჭარბებს. მედიის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას პროტესტი მოჰყვა პარიზელების მხრიდან. მათი დიდი ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ პროტესტით ვერაფერს მიაღწევს, აქციის მონაწილეების რაოდენობა მცირდება და ამიტომ მანიფესტაციებზე მოსახლეობა ქუჩაში აღარ უნდა გავიდეს.

საქართველოს პირველი არხი პარიზელების ნაწილს ესაუბრა. უმრავლესობა ამბობს, რომ მოთხოვნები, რაც ყვითელჟილეტიანებს აქვთ, არის ფრანგი ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. პარიზელები ამბობენ, რომ სამართალდამცველების მხრიდან წინა მანიფესტაციებზე ასობით ადამიანი დაავადდა, მაგრამ ამის მიუხედავად პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

პარიზის მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ საფრანგეთის დედაქალაქის ისტორიის განადგურება და აქციები მიუღებელია, თუმცა ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე მათ პირველ რიგში სოციალური პირობების გაუმჯობესება სჭირდებათ.

„ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ბევრს და სოციალური პირობები ჩვენს ოჯახებში არ უმჯობესდება. უამრავი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა მისული“, – ამბობენ ისინი. პარიზელების ნაწილი იმასაც აცხადებს, რომ ყვითელჟილეტიანების მოთხოვნებს თითქმის ყველა ფრანგი იზიარებს – ისინი, ვინც მანიფესტაციებზე ქუჩაში გამოდიან და ისინიც, ვინც საპროტესტო აქციაზე ვერ გამოდის, მაგრამ სახლიდან გულშემატკივრობს მათ.

რაც შეეხება თავად ყვითელჟილეტიანებს, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საფრანგეთის ხელისუფლებას მათი ეშინია. ყვითელჟილეტიანები სწორედ შიშს უკავშირებენ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. პროტესტანტების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს ადგილობრივი მედიის ნაწილსაც და ავრცელებს დეზინფორმაციას ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით. ყვითელჟილეტიანების ინფორმაციით, 200-მდე ადამიანი მხოლოდ წინა საპროტესტო აქციაზე დაშავდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ და 26-ე მანიფესტაციისთვის მზადება უკვე დაიწყეს.

გუშინ პარიზის ექვს სხვადასხვა უბანში ერთდროულად ჩატარდა მანიფესტაცია, მათ შორის შარლ დე გოლის აეროპორტშიც. პარიზის გარდა, ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები საფრანგეთის თითქმის ყველა დიდ ქალაქში გაიმართა. რამდენიმე ქალაქში ყვითელჟილეტიანების კლიმატის დაბინძურების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებსაც შეუერთდნენ.

ყვითელჟილეტიანების მოთხოვნები უცვლელია – ისინი გადასახადების შემცირებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ასევე პრეზიდენტ მაკრონისა და შინაგან საქმეთა მინისტრ კასტანერის გადაყენებას მოითხოვენ.