საფრანგეთის შს მინისტრი - მზად ვართ ბრიტანეთთან დისკუსიისთვის არალეგალური მიგრაციის საკითხებზე, მაგრამ არ ვიქნებით ბრიტანეთის შიდა პოლიტიკის მძევალი
საფრანგეთის შს მინისტრი - მზად ვართ ბრიტანეთთან დისკუსიისთვის არალეგალური მიგრაციის საკითხებზე, მაგრამ არ ვიქნებით ბრიტანეთის შიდა პოლიტიკის მძევალი

საფრანგეთი მზად არის ბრიტანეთთან სერიოზული დისკუსიისთვის არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაგრამ არ იქნება ბრიტანეთის შიდა პოლიტიკის მძევალი, – ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალ დარმანინმა განაცხადა.

ორ ქვეყანას უკვე უთანხმოება აქვს „ბრექსიტის“ შემდგომ ვაჭრობის წესებთან და თევზაობის უფლებებთან დაკავშირებით. გასულ კვირას ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც არხის გადაკვეთის მცდელობისას 27 ადამიანი დაიღუპა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა წერილი მისწერა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელშიც მითითებულია ხუთი ნაბიჯი, რომლებიც ორმა ქვეყანამ შეიძლება, გადადგას მიგრანტების სახიფათო მოგზაურობის თავიდან ასაცილებლად. ერთ-ერთი ინიციატივაა უკანონო მიგრანტების უკან, საფრანგეთში დაბრუნება, რამაც ოფიციალური პარიზის გაღიზიანება გამოიწვია.

ბორის ჯონსონის წერილს საფრანგეთმა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, პრიტი პატელის მოწვევის გაუქმებით უპასუხა, რომელსაც აღნიშნული საკითხის განსახილველად ევროპელ კოლეგებთან შეხვედრაში უნდა მიეღო მონაწილეობა.

„ბრიტანეთმა დატოვა ევროპა, მაგრამ არა მსოფლიო. ჩვენ სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ ამ კითხვებზე… ბრიტანეთის შიდა პოლიტიკის მძევლად ყოფნის გარეშე“, – თქვა დარმანინმა.