საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს
საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს

305 ხმით ერთის წინააღმდეგ საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდებს, აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა.

დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი სენატორი ბრუნო რეტაიოა. რეზოლუციით კანონმდებლები ასევე „გმობენ აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიას, რომელიც თურქეთის ხელისუფლებისა და დაქირავებული მებრძოლების მხარდაჭერით განახორციელეს“ და მოუწოდებენ 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაკავებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია, რომელიც სენატმა მიიღო, სარეკომენდაციო ხასიათისაა და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული არ არის ის შეასრულოს.

გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

„საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ისტორიულია. არცახის საერთაშორისო აღიარება საერთაშორისო დღის წესრიგში დგება“, – წერს ფაშინიანი.