საფრანგეთის სენატმა კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის საკითხის კონსტიტუციაში შეტანის თაობაზე რეფერენდუმი დაბლოკა
საფრანგეთის სენატმა დაბლოკა რეფერენდუმი კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის საკითხის კონსტიტუციაში შეტანის თაობაზე. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ სენატის განცხადებაშია ნათქვამი.
მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ ჩანაწერის კონსტიტუციაში შეტანის საკითხზე რეფერენდუმის ორგანიზება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დაპირება იყო. საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატაში – სენატში უმრავლესობას ოპოზიცია ფლობს.
ინიციატივის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კლიმატურ საკითხზე სახელმწიფო გარანტია შესაძლოა, მომავალში შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს ინოვაციებისა და ბიზნესის განვითარებისთვის.
ემანუელ მაკრონის მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ცენტრისტი სენატორების ჯგუფმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სენატში გამართული კენჭისყრის შედეგები საბოლოოდ კეტავს რეფერენდუმის ჩატარების კარს.