საფრანგეთის სასამართლომ შვეიცარიული ბანკი „იუბიესი“ 3,7 მილიარდი ევროთი დააჯარიმა
საფრანგეთის სასამართლომ შვეიცარიული ბანკი „იუბიესი“ 3,7 მილიარდი ევროთი დააჯარიმა. სასამართლომ დაადგინა, რომ ბანკი 2004-2012 წლებში საფრანგეთის მოქალაქეებს ეხმარებოდა მილიარდობით ევროს ოდენობის გადასახადებისგან თავის არიდებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3,7 მილიარდის ოდენობის ჯარიმის გარდა, ბანკმა საფრანგეთის ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურების სახით, 800 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
„იუბიესის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განაჩენს არ ეთანხმებიან და გასაჩივრებას გეგმავენ.
მანამდე ბანკმა უარი განაცხადა დავის დასარეგულირებლად 1,1 მილიარდი ევროს გადახდაზე.
საფრანგეთის პროკურატურის განცხადებით, შვეიცარიის უმსხვილესი ბანკი სისტემატურად ეხმარებოდა კლიენტებს გადასახადებისგან თავის არიდებაში და საგადასახადო თაღლითობის შედეგად მიღებული ფულის გათეთრებაში.
გამოძიება შვეიცარიული ბანკის საქმეზე შვიდი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
როგორც ბრიტანული მაუწყებელი „ბიბისი“ აღნიშნავს, ანალოგიურ საქმეებზე 2009 წელს აშშ-ში „იუბიესი“ დავის დასარეგულირებლად 780 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა, 2014 წელს კი, გერმანიაში 300 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა გადაიხადა.