საფრანგეთის სანაპიროს შტორმი „მიგელი“ დაატყდა თავს
საფრანგეთის სანაპიროს შტორმი „მიგელი“ დაატყდა თავს

საფრანგეთის სანაპიროს შტორმი „მიგელი“ დაატყდა თავს. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. სამივე მათგანი სამაშველო გემზე იმყოფებოდა, რომელიც ძლიერმა ტალღებმა გადააბრუნა. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 130 კმ/სთ-ს აღწევს. მანამდე შტორმმა გადაუარა ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილს, შემდეგ კი საფრანგეთს დაატყდა თავს.

საფრანგეთის სანაპირზე ძლიერი ღელვის გამო ერთ-ერთი გემი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მის დასახმარებლად სამაშველო ხომალდი გაგზავნეს, რომელიც გადაბრუნდა. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ეკიპაჟის კიდევ ოთხმა წევრმა ნაპირზე გამოცურვა შეძლო.

ადგილზე მობილიზებულია სამი ვერტმფრენი და 60 მეხანძრე მაშველი, რომლებიც დაღუპულების ცხედრების პოვნას ცდილობენ.

სტიქიის გამო საფრანგეთში ნაწილში საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული. შეფერხებით მუშაობს რკინიგზა.

შტორმის გამო საგანგებო ზომებია მიღებული ნიდერლანდებშიც. ერთ-ერთი ხე შენობას დაეცა. ადგილზე მისულმა პოლიციამ განაცხადა, რომ შენობაში კოკაინის მწარმოებელი ლაბორატორია აღმოჩნდა.