საფრანგეთის სამხრეთში ტყის ხანძარს ებრძვიან, ევაკუირებულია რამდენიმე სოფლის მოსახლეობა

14:28, 22.07.2026

საფრანგეთის სამხრეთში, ვარის დეპარტამენტში ტყის ხანძარის გამო 400 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ხანძარმა უკვე გაანადგურა 2 500 ჰექტარი ტერიტორია. მოსახლეობა ძირითადად ევაკუირებულია პონტევესის, კოტინიაკის, სილან-ლა-კასკადის, კორანსის და მონფორ-სიურ-არჟანის სოფლებიდან.

„სიტუაცია ძალიან რთული იყო. დაახლოებით 1 100 მეხანძრე მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდა ცეცხლს“, – განაცხადა ვარის დეპარტამენტის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ხანძრის ლოკალიზება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

ვარის პრეფექტურის ინფორმაციით, 22 ივლისს ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2 300 ოჯახი.

ცნობისთვის, 21 ივნისს საფრანგეთში განაცხადეს, რომ ქვეყნის სამხრეთში ხანძრის ჩაქრობისას ორი მეხანძრე დაიღუპა.

საფრანგეთში ამჟამად სხვადასხვა ლოკაციაზე ტყის რამდენიმე ხანძარი მძვინვარებს, რასაც ხელს უწყობს უკიდურესად ცხელი და მშრალი ამინდი.

ხანძრებისგან სერიოზულად დაზარალებულია ასევე ესპანეთიც, სადაც დამწვარი ტერიტორიების ფართობი უკვე ოთხჯერ აღემატება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მადრიდის ჩრდილოეთით ხანძარი, რომელმაც თითქმის 30 000 ჰექტარი უკვე გაანადგურა, შესაძლოა, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გახდეს.

მსგავსი