საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანი ახალ კალედონიაში საპროტესტო აქციების ორგანიზებაში დაადანაშაულა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ აზერბაიჯანი ახალ კალედონიაში საპროტესტო აქციების ორგანიზებაში დაადანაშაულა.
„ჩვენ ასევე ვადანაშაულებთ აზერბაიჯანულ ჯგუფს, რომელიც, ჩვენი აზრით, პასუხისმგებელია ახალ კალედონიაში ინიციატივების ორგანიზებაზე, რომლებიც მიზნად ისახავს პროტესტის წაქეზებას და საკამათო კონსტიტუციური წინადადებების გავრცელებას“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
პარალელურად აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ოფიციალური ბაქო მკაცრად გმობს პარიზის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ წაყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებს. ბაქოში აცხადებენ, რომ პარიზი კვლავ არ არის მზად, უარი თქვას კონფრონტაციულ რიტორიკაზე აზერბაიჯანთან ურთიერთობებში.
„ფრანგი ოფიციალური პირები, რომლებიც დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას განიხილავენ, კარგი იქნება, თუ ყურადღებას გაამახვილებენ ამ პრინციპების თანმიმდევრულ გამოყენებაზე საფრანგეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. ჩვენ მოვუწოდებთ ფრანგულ მხარეს, შეწყვიტოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების წაყენება და საერთაშორისო ურთიერთობებში დაიცვას ურთიერთპატივისცემის, სუვერენული თანასწორობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპები“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, აიჰან ჰაჯიზადემ.