საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ახლა ევროპის პასუხისმგებლობაა, გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინამ ფრონტის ხაზი შეინარჩუნოს
უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ახლა ევროპის პასუხისმგებლობაა, გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის ხაზის შენარჩუნება შეძლოს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ პარლამენტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი, როგორც ევროპელების, პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა საშუალება მივცეთ უკრაინულ წინააღმდეგობას, შეინარჩუნოს ფრონტი, რადგან ეს ფრონტის ხაზი არის ევროპისა და საფრანგეთის დაცვის წინა ხაზი“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჟან-ნოელ ბარომ ასევე განაცხადა, რომ ევროპამ უნდა დაასრულოს ამერიკულ იარაღზე დამოკიდებულება.
„ახლა ჩვენ, ევროპელები ვდგავართ თავს მოხვეული არჩევანის წინაშე: ძალისხმევა და თავისუფლება ან კომფორტი და მონობა“, – თქვა ჟან-ნოელ ბარომ.