საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აუცილებელია პალესტინელებისთვის სახელმწიფოს მშენებლობაზე მუშაობის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა რამალაში პალესტინელ კოლეგას, რიად ალ მალიკის შეხვდა.
„სისტემატური დაბომბვები ძალიან დიდ ტანჯვას იწვევს. ისრაელმა უნდა შეინარჩუნოს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს და უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მათ მძევლების განთავისუფლების საშუალებას მისცემს“, – აღნიშნა კოლონამ საფრანგეთში გამგზავრებამდე.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობაზეც და დასძინა, რომ კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტის გახსნა სწორი ნაბიჯია.
„აუცილებელია, ვიმოქმედოთ უფრო მტკიცედ და სწრაფად, ვიდრე კატასტროფა ორი მილიონი ჩვენნაირი ადამიანის, მამაკაცებისა და ქალების ტრაგედიად იქცევა“, – დასძინა კატრინ კოლონამ.
როგორც ფრანგმა დიპლომატმა განმარტა, აუცილებელია პალესტინელებისთვის სახელმწიფოს მშენებლობაზე მუშაობის დაწყება, რაც შეიძლება სწრაფად.
მანამდე, კატრინ კოლონა თელ ავივში იმყოფებოდა, სადაც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ელი კოენს ესაუბრა.