საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის საკითხზე აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებებით, ევროკავშირის გვერდის ავლას ცდილობს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის საკითხზე აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებებით, ევროკავშირის გვერდის ავლას ცდილობს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის საკითხზე აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებით ევროკავშირის გვერდის ავლას ცდილობს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანგულ მედიას განუცხადა.

„ვლადიმერ პუტინს სურს, გვერდი აუაროს ევროკავშირს. მას სურს, დააზარალოს ევროკავშირის ერთიანობა, რომელიც სულ უფრო ძლიერდება“, – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „შეუძლებელია, განიხილო ევროკავშირის უსაფრთხოება ევროპელების გარეშე“. აღსანიშნავია, რომ იანვრიდან საფრანგეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა გადაიბარა.

მოგვიანებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის მალე აპირებს მოლაპარაკებების გამართვას რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან, მათ შორის უკრაინის საკითხის განსახილველად.

მოლაპარაკებები რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის ჟენევაში ორშაბათს გაიმართება, რის შემდეგაც შედგება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.

„პუტინი გამოვიდა შეთავაზებით, განიხილოს ნატო-სთან წარსულის გავლენის ზონების ერთგვარი დაბრუნება, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ რუსეთი აღადგენს იალტის სულისკვეთებას“, – განაცხადა ლე-დრიანმა.

დატოვე კომენტარი