საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაჭრილია. მსხვერპლთა შორის ერთ-ერთ ქალს თავი მოჰკვეთეს.

ამის შესახებ ინფრომაციას „როიტერი“ ქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიცას მერმა კრისტიან ესტროსიმ მომხდარი ტერორიზმად შეაფასა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. მისი ვინაობა და ქმედების მოტივი ჯერ უცნობია.

როგორც მერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში წერს, თავდასხმა ქალაქის ნოტრ-დამის ეკლესიასთან მოხდა. აღსანიშნავია, რომ 16 ოქტომბერს, საფრანგეთში მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის ჩეჩნური წარმოშობის 18 წლის აბდულახ ანზოროვმა სკოლის მასწავლებელი, სამუელ პატი მოკლა. მომხდარის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება.

მისივე თქმით, საფრანგეთში სიტყვის თავისუფლება დაცული იქნება და კარიკატურების გამოქვეყნება არ შეწყდება. მუსლიმური ქვეყნების ნაწილმა, მათ შორის თურქეთმა, ემანუელ მაკრონი ანტიმუსლიმური დღის წესრიგში დაადანაშაულა.