საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა
საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა

საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა. საფრანგეთის დედაქალაქში უცნობი პირი გამვლელებს დანით დაესხა თავს. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ოთხი კი დაშავდა. მათგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ჩემი ფიქრებით დღეს საღამოს პარიზში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთან და მათ ახლობლებთან ვარ. ყველა ფრანგის სახელით მივესალმები პოლიციელების სიმამაცეს, რომლებმაც ტერორისტის ნეიტრალიზება შეძლეს”, – წერს ემანუელ მაკრონი Twitter-ში. მისივე თქმით, საფრანგეთი “მტრებთან ბრძოლაში უკან არ დაიხევს”.

პარიზში თავდასხმა იმ უბანში მოხდა, რომელშიც ღამის კლუბები მდებარეობს და ახალგაზრდები იკრიბებიან. თვითმხილველთა თქმით, დანით შეიარაღებული მამაკაცი “ალაჰუ აკბარს” ყვიროდა. პოლიციამ დამნაშავეს ესროლა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. ბოროტმოქმედის იდენტიფიცირება ჯერ ვერ შეძლეს.
მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.