საფრანგეთის პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ულტრამემარჯვენე პოდკასტერის, ქენდის ოუენსის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სარჩელი მის მშობლიურ ტენესის შტატში შეიტანეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და მისმა მეუღლემ, ბრიჯიტ მაკრონმა, ულტრამემარჯვენე პოდკასტერის, ქენდის ოუენსის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სარჩელი მის მშობლიურ ტენესის შტატში შეიტანეს.
ეს ახალი სამართლებრივი ნაბიჯი იმ ფართომასშტაბიანი სასამართლო დავის ნაწილია, რომელიც მაკრონებმა მას შემდეგ წამოიწყეს, რაც ქენდის ოუენსმა თავისი პოდკასტის რამდენიმე ეპიზოდში თქვა, რომ ბრიჯიტი ტრანსგენდერი ქალია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ოუენსისა და მისი ორი მედიაკომპანიის წინააღმდეგ ცილისწამების შესახებ სარჩელი პირველად 2025 წლის ივლისში, დელავერის შტატში შეიტანეს, სადაც ოუენსის ბიზნესებია რეგისტრირებული. თუმცა გასულ თვეში დელავერის სასამართლომ სარჩელის ფარგლები შეზღუდა და დაადგინა, რომ მისი იურისდიქცია მხოლოდ ამ შტატში რეგისტრირებულ ოუენსის კორპორაციებზე ვრცელდება.
„ქალბატონი ოუენსი მტკიცედ აცხადებდა, რომ ეს საქმე ტენესიში უნდა განიხილებოდეს, რადგან ის სწორედ იქ ცხოვრობს. ამ დოკუმენტის წარდგენით ჩვენ ზუსტად იმას ვაძლევთ, რასაც არაერთხელ ითხოვდა“, – განაცხადა მაკრონების იურიდიული გუნდის წარმომადგენელმა.
ახალ სარჩელში მაკრონების იურიდიულმა გუნდმა დეტალურად აღწერა ის, რასაც ოუენსის მიერ გამოქვეყნებულ „აბსურდულ, ცილისმწამებლურ და სრულიად მოგონილ ისტორიებს“ უწოდებენ.
409-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოუენსის საქმიანობის უკან ფინანსური და იდეოლოგიური მოტივები დგას.
„ქენდის ოუენსი აგრძელებს საკუთარი პოდკასტის გამოყენებას, რომ გაავრცელოს ტყუილები მაკრონების შესახებ, გაყიდოს მაკრონების დაცინვაზე აგებული პროდუქცია და შეაგროვოს შემოწირულებები მაკრონებთან დაკავშირებული თავისი „რეპორტაჟების“ საფუძველზე“, – აღნიშნულია სარჩელში.