მოლდოვის სურვილი, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, სავსებით ლეგიტიმურია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიშინიოვში, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა და თქვენი სურვილი, შეუერთდეთ ევროპულ ოჯახს, სავსებით ლეგიტიმურია. ეს განაცხადი დაახლოებით 10 დღეში, 23-24 ივნისს ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილება ცნობის საფუძველზე, რომელსაც ევროკომისია რამდენიმე დღეში წარადგენს“, – განაცხადა მაკრონმა.
თავის მხრივ, მაია სანდუმ იმედი გამოთქვა, რომ მოლდოვის განაცხადს ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ.
„მოლდოვის რესპუბლიკა ევროპული ქვეყანაა, რომლის მოსახლეობა იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. ეს არის ქვეყანა, რომელსაც ნამდვილად ექნება ევროპული მომავალი. 2022 წლის 3 მარტს მოლდოვამ წარადგინა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი. ჩვენთვის ევროკავშირში გაწევრიანება, თავისუფალი მსოფლიოს ნაწილად ყოფნა არის სტრატეგიული არჩევანი ამჟამინდელი უსაფრთხოების კონტექსტში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მოთხოვნას ბრიუსელში 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მხარს დაუჭერენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.