საფრანგეთის პრემიერმა მთავრობის წევრებს დაავალა, სამინისტროებში თანამშრომლებს ნარკოტესტი ჩაუტარონ
საფრანგეთის პრემიერმა მთავრობის წევრებს დაავალა, სამინისტროებში თანამშრომლებს ნარკოტესტი ჩაუტარონ

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ მთავრობის წევრებს დაავალა, თავიანთ სამინისტროებში თანამშრომლებს შემოწმებისთვის ნარკოტესტები ჩაუტარონ.

დოკუმენტის თანახმად, მინისტრებს ევალებათ, დააორგანიზონ „მოულოდნელი და სავალდებულო შემოწმებები ნერწყვის ტესტის სახით“, განსაკუთრებით იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც კონფიდენციალურ ინფორმაციაზე აქვთ წვდომა.

ლეკორნუ ამ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების მოსაზრებებით ხსნის. მისი თქმით, სახელმწიფო მოხელეების მიერ ნარკოტიკების მოხმარება „მათ დაუცველს ხდის, რითაც შესაძლოა, ისარგებლონ დანაშაულებრივმა დაჯგუფებებმა ან მანიპულატორებმა“.

მინისტრებმა 26 ივნისამდე პრემიერს უნდა წარუდგინონ სამოქმედო გეგმა, სადაც მითითებული იქნება „რეგულარულ ტესტირებას დაქვემდებარებული თანამდებობების სია“.

დადებითი შედეგის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დისციპლინური ღონისძიებების გატარება, ასევე, შესაბამისი პირის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.