საფრანგეთის პრემიერის ინფორმაციით, საპენსიო ასაკი არ გაიზრდება
საფრანგეთის პრემიერის ინფორმაციით, საპენსიო ასაკი არ გაიზრდება

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის შესახებ კანონი ძალაში 2022 წლის პირველი იანვრიდან შევა. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა.

მისი თქმით, საპენსიო რეფორმა სამ პრინციპს ეფუძნება, უნივერსალურობა, თანასწორობა და პასუხისმგებლობა. საფრანგეთის პრემიერი თქმით, უნივერსალური შეფასების სისტემა იქნება სამართლიანი და ყველა პენსიონერს თანაბარ უფლებას მიანიჭებს, რაც ასევე საშუალებას მისცემს დასაქმებულს, ერთი სამსახურიდან მეორეში დაბრკოლების გარეშე გადავიდეს.

აღსანიშნავია, რომ 62 წელზე შენარჩუნდება საპენსიო ასაკი, თუმცა საპენსიო ასაკს მიღწეული დასაქმებული პირები წახალისდებიან, თუ პენსიაზე 64 წლის ასაკში გავლენ. საპენსიო ასაკის 64 წლამდე გაზრდის ინიციატივას, საფრანგეთის მოქალაქეები მასშტაბური აქციებით აპროტესტებდნენ.

საპენსიო რეფორმა არ შეეხებათ 1975 წლამდე დაბადებულ პირებს. ასევე, 2004 წელს დაბადებული პირები, ვისაც 2022 წელს 18 წელი შეუსრულდება და დასაქმდება, იქნება პირველი თაობა, რომელიც ახალ საპენსიო სისტემაში სრულად ინტეგრირდება. ამასთან, 2022 წლიდან პენსიის მინიმალური ოდენობა 1 000 ევრო იქნება.

საპენსიო რეფორმის კანონპროექტი მზად წლის ბოლოსთვის იქნება, 2020 წლის 22 იანვარს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე წარადგენენ, პარლამენტი კი, თებერვლის მიწურულისთვის განიხილავს.

საფრანგეთში დღეისათვის 42 სხვადასხვა საპენსიო პროგრამა არსებობს. ხელისუფლების ინიციატივა ყველა მათგანის ერთ უნივერსალურ სისტემაში გაერთიანებას გულისხმობს. ამასთან პენსიის ოდენობა მომავალში ქულათა სისტემის მიხედვით განისაზღვრება და დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სტაჟი აქვს საპენსიო ასაკს მიღწეულ ადამიანს. ამასთან, ახალი საპენსიო პროგრამის ფარგლებში, ქალებსა და მამაკაცებს თანაბარი ოდენობის პენსია ექნებათ. ამ დრომდე საფრანგეთში ქალებს მამაკაცებთან შედარებით, 50%-ით ნაკლები პენსია ჰქონდათ.