საფრანგეთის პრემიერი - მერსა და მის ოჯახზე თავდასხმა მიუღებელია, ვიმეორებ ჩემს სოლიდარობას ყველა ძალადობის მსხვერპლის მიმართ, დამნაშავეები უდიდესი სიმკაცრით დაისჯებიან
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი პარიზის გარეუბნის მერის ოჯახზე თავდასხმას გმობს. ამის შესახებ ელისაბედ ბორნი „ტვიტერზე“ წერს.
პარიზის ერთ-ერთი გარეუბნის მერის ოჯახზე თავდასხმას ბორნმა „განსაკუთრებით შოკისმომგვრელი“ უწოდა.
„თავდასხმა მერზე და მის ოჯახზე მიუღებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემი და ერის სოლიდარობას რესპუბლიკის ამ არჩეული წარმომადგენლისა და ყველა ძალადობის მსხვერპლის მიმართ. დამნაშავეები უდიდესი სიმკაცრით დაისჯებიან“, – წერს ბორნი.
„როიტერის“ ინფორმაციით, საფრანგეთში მომიტინგეებმა პარიზის ერთ-ერთი გარეუბნის მერის სახლი დაარბიეს, მანქანას ცეცხლი წაუკიდეს, თავს დაესხნენ მის ცოლსა და მცირეწლოვან შვილებს, როდესაც ისინი გაქცევას ცდილობდნენ.
საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს პარიზის გარეუბან ნანტერში პოლიციელმა წარმოშობით ალჟირელი 17 წლის ბიჭი მოკლა. დაკავებულია პოლიციის ოფიცერი, რომელმაც გასროლის შედეგად მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.