საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი – საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებს სკოლის მოსწავლეებთან დაპირისპირება არ ჰქონდათ დავალებული, ხელისუფლებამ ახალგაზრდების მოთხოვნებს უნდა მოუსმინოს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ სამართალდამცველებს საპროტესტო აქციებზე მოსწავლეების წინააღმდეგ მოქმედება არ ჰქონდათ დავალებული და ხელისუფლებამ ახალგაზრდების მოთხოვნებს უნდა მოუსმინოს.
„იმის საპირისპიროდ, რასაც ზოგიერთი ადამიანი ამბობს და იმეორებს, სამართალდამცველებს სკოლის მოსწავლეებთან დაპირისპირება არ ჰქონდათ დავალებული. მათი მისიაა ქონების, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების დაცვა, კანონის აღსრულება და სასწავლო დაწესებულებებში შესვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ლეკორნუმ.
მისივე თქმით, პოლიციამ მოქმედებისას პროპორციულობის პრინციპი უნდა დაიცვას. ლეკორნუს განცხადებით, თუ აქციის დროს ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა, გამოძიებამ ინციდენტის გარემოებები „სრული გამჭვირვალობით“ უნდა დაადგინოს.
ლეკორნუმ მოსწავლეების მოთხოვნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით მათ წინადადებებს განიხილავს.
„მთავრობისა და ყველა პოლიტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობაა, აღადგინონ ეს ნდობა, რაც, ცხადია, პირველ რიგში, მათი მოსმენით იწყება“, – აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები გრძელდება. უფლებადამცველები, პროფკავშირები, მოსწავლეები და ოპოზიციის ნაწილი პოლიციას დემონსტრაციების დასაშლელად არაპროპორციული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ. ქვეყნის მასშტაბით აქციების ფონზე 500-ზე მეტი სკოლა დაიხურა.
ამასთან, ხვალ, 8 ოქტომბერს მოსწავლეები და მასწავლებლები ახალი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.