საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი – მხოლოდ პარიზის რეგიონში 200 გამომძიებელი იმუშავებს, შეისწავლიან ვიდეოჩანაწერებს, რათა გამოავლინონ ძალადობასა და ძარცვაში მონაწილე პირები
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, პარიზის ცალკეულ რაიონებსა და სხვა ქალაქებში დაწესებულმა ლოკალურმა კომენდანტის საათმა ღამით წესრიგის შენარჩუნებას ხელი შეუწყო.
როგორც ლეკორნუმ განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება საჭიროების შემთხვევაში კომენდანტის საათის ხელახლა დაწესებას სამშაბათის ღამითაც შეძლებს. კომენდანტის საათის მოქმედების არეალის ამსახველი რუკა, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება.
ლეკორნუს თქმით, ვითარება რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება, ამიტომ მთავრობის პასუხიც ადგილობრივ გარემოებებს უნდა მოერგოს. შეზღუდვების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბიზნესების დაცვაა. მთავრობა მიიჩნევს, რომ ლოკალური და ნაწილობრივი შეზღუდვები ქალაქებში ძარცვის ახალი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად უფრო შესაფერისი მიდგომაა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში შაბათ-კვირას მომხდარი მასშტაბური არეულობისა და ძარცვის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების „მასშტაბური ოპერაცია“ დააანონსა. ლეკორნუს განცხადებით, მხოლოდ პარიზის რეგიონში 200 გამომძიებელი იმუშავებს. ისინი შაბათ-კვირას მომხდარი მოვლენების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს შეისწავლიან, რათა ძალადობასა და ძარცვაში მონაწილე პირები გამოავლინონ.
ლეკორნუმ ასევე განაცხადა, რომ დაზარალებულ ბიზნესებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევენ და შექმნიან სპეციალურ დახმარების ფონდს.
„პირველ რიგში, ზიანი მათ უნდა აანაზღაურონ, ვინც ყველაფერი დაანგრია“, – განაცხადა ლეკორნუმ.
მთავრობის კრიზისულმა ჯგუფმა ასევე განიხილა არეულობის შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზარალი. ვაჭრობის მინისტრის, სერჟ პაპენის შეფასებით, დაზარალებულია, სულ მცირე, 3 000 ბიზნესი.