საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი – მე მემარჯვენე ვარ და ძარცვის გასამართლებლად სოციალურ მიზეზებს არ ვიღებ, შეიძლება, ადამიანი ღარიბ ოჯახში გაიზარდოს, მაგრამ ეს მაღაზიის გაძარცვას არ ამართლებს

19:01, 21.10.2026

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ სენატში, მთავრობისადმი დასმულ შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენასთან ერთად, აუცილებელია იმ ახალგაზრდების პრობლემებზე რეაგირება, რომლებიც, მისი თქმით, „ღრმა შფოთვას განიცდიან“ და „იმედი სჭირდებათ“.

ლეკორნუს თქმით, ახალგაზრდებმა კონკრეტული პასუხები უნდა მიიღონ და არა – ცარიელი დაპირებები.

„ახალგაზრდებს პატივი უნდა ვცეთ და მათ კითხვებს კონკრეტული პასუხები გავცეთ. უნდა ვუთხრათ, რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი – არა. არ უნდა შევუქმნათ შთაბეჭდილება, თითქოს ჯადოსნური ჯოხი გვაქვს“, – განაცხადა ლეკორნუმ.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე საუბარი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია.

„მე მემარჯვენე ვარ და ძარცვის გასამართლებლად სოციალურ მიზეზებს არ ვიღებ. შეიძლება, ადამიანი ღარიბ ოჯახში გაიზარდოს და ძალიან მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობდეს, მაგრამ ეს არ ამართლებს მაღაზიის გაძარცვას“, – აღნიშნა ლეკორნუმ.

მისი თქმით, ძარცვის სოციალური მიზეზებით გამართლება საფრთხეს უქმნის თავად სოციალურ მოძრაობებსა და მათ ლეგიტიმურ მოთხოვნებს, რადგან შესაძლოა, საზოგადოებაში მათი დისკრედიტაცია გამოიწვიოს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ვანდალიზმისა და ქონების დაზიანებისთვის პასუხისმგებელ პირებს მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისრებათ.

„არ შეიძლება, ერთ მხარეს იყვნენ ისინი, ვინც ქონებას აზიანებენ, ხოლო მეორე მხარეს ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც ზარალს ანაზღაურებენ“, – განაცხადა ლეკორნუმ.

მსგავსი