საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი – ხვალ დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ საფრთხის დონე კვლავ მაღალია, უსაფრთხოების ძალების განლაგება გასული კვირისგან განსხვავებული იქნება

01:39, 24.10.2026

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ხვალ დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ საფრთხის დონე კვლავ მაღალია. მისი თქმით, უსაფრთხოების ძალების განლაგება გასული კვირისგან განსხვავებული იქნება.

„სიმშვიდეს ვინარჩუნებ. გასული კვირის მოვლენებიდან დასკვნები გამოვიტანეთ და ხვალ უსაფრთხოების ძალების განლაგება განსხვავებული იქნება არა მხოლოდ რაოდენობის, არამედ მათი გამოყენების თვალსაზრისითაც“, – განაცხადა ლეკორნუმ.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ულტრამემარცხენე ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო. ამასთან, მისი განცხადებით, აუცილებელია სიფრთხილე, რადგან არეულობით, შესაძლოა, კრიმინალურმა ჯგუფებმაც ისარგებლონ.

აღნიშნული განცხადებები ლეკორნუმ ქალაქ ლიმოჟში ვიზიტისას გააკეთა, სადაც გასული კვირის ბოლოს მერიის შენობაში გაჩენილი ხანძრის შესახებაც ისაუბრა.

კითხვაზე, ეკისრება თუ არა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა პოლიციის დაგვიანებულ რეაგირებაზე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა უშუალოდ დანაშაულის ჩამდენ პირებს ეკისრებათ.

„მე კვლავ მჯერა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპის. პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ, ვინც ხანძარი გააჩინა. აუცილებელია, მომხდართან დაკავშირებით ყველაფერი გამჭვირვალე იყოს. ფაქტები იმაზე სერიოზულია, ვიდრე თავდაპირველად ჩანდა, რაც ქმედების წინასწარ დაგეგმვის ხარისხსა და მისი განხორციელების განზრახვას უკავშირდება“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.

ლეკორნუს თქმით, მერიის შენობის აღდგენის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს და ადგილობრივ მოსახლეობას ამისთვის დამატებითი თანხის გადახდა არ მოუწევს.

„ადგილობრივ გადასახადის გადამხდელებს მერიის შენობის აღდგენისთვის ერთი ევროს გადახდაც არ მოუწევთ“, – განაცხადა ლეკორნუმ.

მსგავსი