საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი - ისლამისტურმა ტერორიზმმა ომი გამოგვიცხადა, მაგრამ ამ ომს მშიშრები ხელმძღვანელობენ
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი - ისლამისტურმა ტერორიზმმა ომი გამოგვიცხადა, მაგრამ ამ ომს მშიშრები ხელმძღვანელობენ

ისლამისტურმა ტერორიზმმა ომი გამოგვიცხადა, მაგრამ ამ ომს მშიშრები ხელმძღვანელობენ – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა რამბუიეში მოკლული პოლიციის თანამშრომლის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიაზე განაცხადა.

საფრანგეთის მთავრობის ხელძღვანელის თქმით, მხოლოდ მშიშარას შეეძლო, თავს დასხმოდა ქალს, რომელიც სამსახურის გამო იარაღს არ ატარებდა.

ჟან კასტექსის განცხადებით, ისლამისტური ტერორიზმი ვერ ეგუება საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა რწმენას და თავისუფლების დასაცავად მათ მოქმედებებს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ სავარაუდო ტერორისტი თავდასხმის დროს „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა და თქვა, რომ ეს ყველა მორწმუნის შეურაცხყოფაა.

„არც ერთ მორწმუნეს არც ერთ რელიგიაში არ აქვს უფლება, წარმოთქვას ღმერთის სახელი ადამიანების მოკვლის დროს. სტეფანი მონფერმე მოკლეს, რადგან წარმოადგენდა საფრანგეთის პოლიციას და სახელმწიფოს ავტორიტეტს. იგი მოკლეს, რადგან ემსახურებოდა საფრანგეთს“, – აღნიშნა კასტექსმა.

პოლიციელი ქალი, სტეფანი მონფერმე 23 აპრილს პოლიციის განყოფილების შესასვლელთან მოკლეს. თავდამსხმელმა პოლიციელს დანა მუცლისა და ყელის არეში დაარტყა. თავდამსხმელს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა და მიღებული ჭრილობებით ადგიულზევე დაიღუპა.