საფრანგეთის პოლიციამ უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა, მედიის ცნობით, დაკავებულთაგან ორს რუსეთის მოქალაქეობა აქვს
საფრანგეთის პოლიციამ უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ორს რუსეთის მოქალაქეობა აქვს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ პარიზის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ანა ნ., რომელიც საფრანგეთისა და რუსეთის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს, საფრანგეთის სპეცსამსახურების თვალთვალის ქვეშ იყო იანვრის შემდეგ, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ ის სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა.
პროკურატურის მტკიცებით, ის უკავშირდებოდა სხვადასხვა ფრანგული კომპანიის ხელმძღვანელებს, რათა მიეღო ინფორმაცია საფრანგეთის ეკონომიკურ ინტერესებთან დაკავშირებით.
გამოძიება არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნისთვის ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი დაკავებულები. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ანა ნ.-მ საფრანგეთში დააფუძნა ასოციაცია SOS Donbass, რომელიც ევროპასა და რუსეთს შორის უფრო მჭიდრო კავშირების და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დასრულების მხარდამჭერ კამპანიას აწარმოებდა. ანა ნ.-ს 45 წლამდე პატიმრობა და 600 ათასი ევროს ჯარიმა ემუქრება.