საფრანგეთის პოლიციამ პარიზის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი თეატრიდან 400-ზე მეტი მიგრანტი გამოასახლა, მიგრანტების გამოსახლების გასაპროტესტებლად თეატრთან ასობით ადამიანი შეიკრიბა
საფრანგეთის პოლიციამ პარიზის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი თეატრიდან 400-ზე მეტი მიგრანტი გამოასახლა, მიგრანტების გამოსახლების გასაპროტესტებლად თეატრთან ასობით ადამიანი შეიკრიბა

საფრანგეთის პოლიციამ პარიზის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი თეატრიდან გამოასახლა 400-ზე მეტი მიგრანტი, რომლებიც იქ სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.

სამართალდამცველებმა გამოსახლების ოპერაცია ადგილობრივი დროით დილის ექვს საათზე დაიწყეს. მიგრანტების გამოსახლების გასაპროტესტებლად თეატრთან ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფისკენ მოუწოდებდნენ.

მიგრანტებმა, რომელთა შორის იყვნენ არასრულწლოვნები თანმხლები პირების გარეშე, პარიზის ცენტრში მდებარე თეატრის, Gaite Lyrique-ის შენობა 10 დეკემბრიდან დაიკავეს. ისინი თავშესაფარს ითხოვდნენ. ამის გამო თეატრმა მუშაობა შეაჩერა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, გასახლების დაწყებისას პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მაგრამ მთლიანობაში ოპერაცია სერიოზული ინციდენტებისა და შეტაკებების გარეშე ჩატარდა.

პარიზის მერმა, ანა იდალგომ რადიო France Inter-ს განუცხადა, რომ მიგრანტების ევაკუაცია უნდა მომხდარიყო, რადგან თეატრის შიგნით ვითარება დაძაბული და საშიში ხდებოდა და რომ ხელისუფლებამ მიგრანტებს საცხოვრებელი შესთავაზა.