საფრანგეთის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივამ პარლამენტში საკმარისი ხმები ვერ დააგროვა
საფრანგეთის მთავრობა პარლამენტში ორივე კენჭისყრისას უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა.
ეროვნულ ასამბლეაზე გამართული პირველი კენჭისყრისას ულტრამემარცხენეების მიერ წარდგენილმა უნდობლობის გამოცხადების ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ დააგროვა.
კერძოდ, პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას 271-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი. ინიციატივის დამტკიცებისთვის საჭირო იყო 289 ხმა.
დღესვე, ეროვნულ ასამბლეაში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით მეორე კენჭისყრა გაიმართა ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ინიციატივით. ულტრამემარჯვენეთა პროექტმა 144 ხმა მიიღო.
შეგახსენებთ, ორი დღით ადრე პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ სადავო საპენსიო რეფორმის შეჩერების შესახებ განაცხადა, რითიც „სოციალისტური პარტიის“ მხარდაჭერა მოიპოვა.