საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აქციების მონაწილეებისთვის შეზღუდვებს ითვალისწინებს
საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აქციების მონაწილეებისთვის შეზღუდვებს ითვალისწინებს

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის შეზღუდვებს ითვალისწინებს და სამართალდამცველების უფლებამოსილებას ზრდის.

დოკუმენტს საფრანგეთის ეროვნული კრების 387-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 92-მა კი, წინააღმდეგ მისცა ხმა. ახლა კანონპროექტს სენატში უნდ უყარონ კენჭი.

კანონის ამოქმედების შემთხვევაში, პოლიციას უფლება ექნება, სასამართლოს დადგენილების გარეშე მიტინგებში მონაწილეობა აუკრძალოს ხულიგნობაში ეჭვმიტანილ პირებს. კანონის დარღვევა 7500 ევროს ოდენობის ჯარიმას ან ექვსთვიან პატიმრობას ითვალისწინებს.

დემონსტრანტებს ასევე აეკრძალებათ ნიღბების ტარება, ამისთვის ისინი შესაძლოა, 15 ათასი ევროთი დაჯარიმდნენ ან ერთ წლით დააპატიმრონ.

საკანონმდებლო ინიციატივის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კანონპროექტი სამოქალაქო უფლებებს ლახავს, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უფლებას.

უფლებადამცველები კანონპროექტს „ყვითელჟილეტიანთა“ მოძრაობის პროტესტებს უკავშირებენ.

მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციები საფრანგეთში 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და სისტემატური ხასიათი მიიღო. საპროტესტო გამოსვლები ხშირ შემთხვევაში, პოლიციასთან შეტაკებებსა და არეულობებში გადადიოდა.