საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეებს მიაჩნიათ, რომ ბენჟამენ პავარი ჟურნალისტებს გასახდელიდან ინფორმაციებს აწვდიდა #1TVSPORT
„ბაიერნის“ მცველი ბენჟამენ პავარი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დროს სიტუაციას აფუჭებდა საფრანგეთის ნაკრებში.
ფრანგების გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი ყოველთვის მიიჩნევდა პავარს მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის ერთ-ერთ ფავორიტად. მათი აზრით, მცველის თამაშის დონესა და იმ სტატუსს შორის, რომელზეც მას პრეტენზია გააჩნდა, სერიოზული სხვაობა იყო.
ჟურნალისტი რომენ მოლინა ირწმუნება, რომ საფრანგეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გააკრიტიკა პავარი, მაგრამ მოთამაშემ არ მიიღო ეს და უხეში პასუხი გასცა. ამან გააბრაზა ეროვნული გუნდის მწვრთნელები, რადგან ისინი რამდენიმე წელი იცავდნენ პავარს იმის მიუხედავად, რომ დრო და დრო, ის საშუალო დონის თამაშს აჩვენებდა.
სათადარიგოთა სკამზე ჯდომისას, პავარი „მიუღებელ“ კომენტარებს ისროდა პარტნიორების მისამართით. განსაკუთრებით ეს გამოჩნდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დროს, რომელშიც საფრანგეთმა არგენტინასთან პენალტების სერიაში წააგო. ამ მატჩის მსვლელობისას, პავარსა და დეშამს შორის კონფლიქტი კიდევ უფრო გაიზარდა და მათ უსიამოვნო სიტყვები გაცვალეს.
საქმისადმი პავარის მიდგომამ საფრანგეთის ნაკრების გასახდელში ტოქსიკური ატმოსფერი წარმოშვა.
გარდა ამისა, ნაკრების მოთამაშეებს მიაჩნიათ, რომ პავარი გასახდელიდან ინფორმაციებს აწვდიდა ნაცნობ ჟურნალისტებს, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა აქვს.
ბენჟამენ პავარმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე სასტარტო მატჩი (ავსტრალიასთან, 4:1) პირველივე წუთებიდან დაიწყო და 89 წუთი ითამაშა. ტურნირის ყველა დანარჩენი მატჩი მან სათადარიგოთა სკამზე გაატარა და ერთხელაც არ შესულა შეცვლაზე მოედანზე.