საფრანგეთში ხელბურთში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.
ფინალში ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი და ოლიმპიური ჩემპიონი რუსეთი დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმი ფრანგებმა მინიმალური სხვაობით 13:12 მოიგეს, საბოლოო ჯამში კი 24:21 იმარჯვეს.
ჩემპიონთა რიგებში ექვსი გოლით ყველაზე შედეგიანი ალექსანდრა ლაკრაბერი გახდა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ კი რუსი ანა ვიახირევა სცნეს, რომელმაც რვა მატჩში 43 ბურთი გაიტანა და 41 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ფინალურ შეხვედრას პარიზში 14 ათასი მაყურებელი დაესწრო. საფრანგეთის ნაკრები ორჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის პირველობა კი პირველად მოიგო.
მესამე ადგილისათვის მატჩში ჰოლანდიამ 24:20 მოუგო რუმინეთს.