საფრანგეთის მთავრობა უსაფრთხოების შესახებ სადავო კანონპროექტს გადახედავს
საფრანგეთის მთავრობა უსაფრთხოების შესახებ სადავო კანონპროექტს გადახედავს

საფრანგეთის მთავრობა უსაფრთხოების შესახებ სადავო კანონპროექტს გადახედავს.

როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ამის შესახებ პარლამენტში მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

როგორც ემანუელ მაკრონის მოძრაობის „წინ რესპუბლიკის“ საპარლამენტო ლიდერმა, კრისტოფერ კასტანერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობა წარადგენს სრულიად ახალ პროექტს.

„ვიცით, რომ ეჭვები ჯერ კიდევ რჩება და ჩვენ უნდა გავფანტოთ ისინი“, – განაცხადა ყოფილმა შს მინისტრმა, კრისტოფერ კასტანერმა.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, იკრძალება ინტერნეტში, ასევე ბეჭდურ და სამაუწყებლო მედიაში სამართალდამცველების მაიდენტიფიცირებელი გამოსახულებების გამოქვეყნება, მათთვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენების მიზნით.

კანონპროექტი ერთ წლამდე პატიმრობასა და 45 ათასამდე ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ აღნიშნულ კანონპროექტი 24 ნოემბერს დაამტკიცა, რასაც საფრანგეთის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

დოკუმენტის განხილვა ზედა პალატაში – სენატში იანვარში იგეგმება. გასულ შაბათს პარიზში დემონსტრაციები არეულობასა და შეტაკებაში გადაიზარდა.