საფრანგეთის მარეგულირებელმა უწყებამ, RT-ს ფრანგულ ბიუროს სირიაზე მომზადებული სიუჟეტის გამო, გაფრთხილება მისცა
საფრანგეთის მარეგულირებელმა უწყებამ, RT-ს ფრანგულ ბიუროს სირიაზე მომზადებული სიუჟეტის გამო, გაფრთხილება მისცა

საფრანგეთის აუდიოვიზუალური საშუალებების უმაღლესმა საბჭომ, სირიის შესახებ მომზადებული სიუჟეტის გამო, Russia Today-ს ფრანგულ ბიუროს გაფრთხილება მისცა. ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის მარეგულირებელი უწყების განცხადებაში. საბჭოში მიიჩნევენ, რომ სიუჟეტში იყო არაგულწრფელი, არაზუსტი ინფორმაცია და არ იყო წარმოდგენილი განსხვავებული პოზიციები.

საუბარია 2018 წლის 13 აპრილს გამოქვეყნებულ სიუჟეტზე, სახელწოდებით „თავდასხმების იმიტაცია“, რომლის ავტორები სირიის აღმოსავლეთ ღუტას რეგიონში ქიმიური იარაღის გამოყენების ინსცენირებაზე საუბრობდნენ.

საფრანგეთის მარეგულირებელმა კომისიამ დაადგინა, რომ რეპორტაჟში სირიელი თვითმხილველების განცხადებების თარგმანი არ შეესაბამებოდა მათ მიერ ნათქვამს.

თავად ტელეკომპანია RT France-ში ტექნიკური შცდომის შესახებ განაცხადეს. ტელეკომპანიის განმარტებით, ტექნიკური შეცდომის გამო, თვითმხილვების მონათხრობს ორიგინალური ხმის შეუსაბამო ზეპირი თარგმანი გადაედო. RT France-ის განცხადებით, შეცდომა აღმოფხვრილია.

საფრანგეთის აუდიოვიზუალური საშუალებების უმაღლეს საბჭოს კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეკომპანია RT-ს ფრანგული ბიუროსთვის სანქციები არ დაუწესებია, თუმცა უწყებას აქვს უფლებამოსილება დააჯარიმოს მაუწყებელი ან ლიცენზია შეუჩეროს.