საფრანგეთის კურორტ „გრანდ მასივსა“ და „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საფრანგეთის კურორტ „გრანდ მასივსა“ და „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და საფრანგეთის კურორტ „გრანდ მასივს“ შორის (კომპანია „დეზ ალპის“ მართვაში არსებული კურორტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„გრანდ მასივის“ სათხილამურო არეალი შედის საფრანგეთის ხუთ საუკეთესო კურორტს შორის, 265 კმ სიგრძის სასრიალო გზებითა და ხუთი კურორტით.

მთის კურორტების განვითარების კომპანიას აქვს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება ფრანგულ კომპანია „დეზ ალპთან“, რომელიც არის მსოფლიოში ლიდერი საკონსულტაციო კომპანია ტურიზმის, მათ შორის, მთის კურორტების მართვისა და ოპერირების კუთხით.

მემორანდუმის მიზანია საქართველოს მთის კურორტების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ფრანგული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება სამთო-სათხილამურო კურორტების ოპერირების ყველა სფეროში (გაყიდვები, მარკეტინგი, სასრიალო გზების მომზადება, ტკეპნა და გათოვლიანება, საბაგირო გზები, სამაშველო, ფრირაიდის რისკების მენეჯმენტი, ზამთრის სპორტის ღონისძიებები, ოთხსეზონური მთის კურორტები).

მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება 15 მისია საფრანგეთსა და საქართველოში (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძი, თბილისი). თანამშრომლობის ვადა კი ოთხი წელია.

მემორანდუმს ხელი მოაწერა „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორმა, ირაკლი ჭირაქაძემ და „გრანდ მასივის“ დირექტორმა, ფრედერიკ მარიონმა.