საფრანგეთის ხელისუფლებამ რუს ჟურნალისტს, ქსენია ფედოროვას, რომელსაც კრემლის პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებენ, ქვეყნის დატოვება უბრძანა
საფრანგეთის ხელისუფლებამ რუს ჟურნალისტს, ქსენია ფედოროვას, რომელსაც კრემლის პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებენ, ქვეყნის დატოვება უბრძანა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ფედოროვა ფრანგულ ტელევიზიასა და რადიოში კრემლის პროპაგანდას ავრცელებდა.
რუსი ჟურნალისტის ადვოკატი აცხადებს, რომ ისინი საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას „დაუყოვნებლივ გაასაჩივრებენ“.
„ქსენია ფედოროვა ჟურნალისტია. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების სერიოზულ დარღვევას. ის თავის საქმეს ყველაზე შესაფერისი ფორმით ასრულებდა“, – განაცხადა ადვოკატმა.
დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები აცხადებენ, რომ ფედოროვას გავლენა შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საფრანგეთი მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.
ფრანგული გამოცემა წერს, რომ გაძევების ბრძანებაში ფედოროვას ბრალად ედება, რომ ის „რუსეთის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული დეზინფორმაციული კამპანიების გამტარი“ იყო და მისი საქმიანობა მიზნად ისახავდა საფრანგეთში „საზოგადოებრივი წესრიგის დესტაბილიზაციას“.
ცნობისთვის, ქსენია ფედეროვა 2023 წლამდე Russia Today France-ში მუშაობდა. არხმა მაუწყებლობა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეწყვიტა. თუმცა ფიოდოროვამ საფრანგეთში საქმიანობა გააგრძელა. ის ხშირად ჩნდებოდა ტელეარხ CNews-ზე, რადიო Europe 1-ზე და აქვეყნებდა სტატიებს გაზეთ Le Journal du Dimanche-ში.