საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა
საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება ირანის მხრიდან ისრაელზე მოსალოდნელი დარტყმის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე გააკეთეს.
ამასთან ერთად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ირანში, ლიბანსა და ისრაელში გამგზავრებისგან.
ოფიციალური პარიზის გადაწყვეტილებით, საფრანგეთის სახელმწიფო მოხელეებს ამ ქვეყნებში რაიმე მისიის შესრულება აუკრძალეს.
მანამდე საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის საგარეო უწყებებმა საკუთარ მოქალაქეებს ურჩიეს ისრაელში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.
საკუთარ დიპლომატებსა და მათ ოჯახის წევრებს ისრაელში ჩასვლა შეუზღუდა აშშ-მაც.
ცნობისთვის, ირანი ისრაელზე დარტყმით მას შემდეგ დაიმუქრა, რაც პირველ აპრილს სირიის დედაქალაქში მდებარე ირანის საკონსულოზე დარტყმას „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ექვსი მაღალჩინოსანი ემსხვერპლა.