საფრანგეთის ხელისუფლება და Facebook-ი ინტერნეტში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ერთობლივად იმუშავებენ
საფრანგეთის ხელისუფლება და სოციალური ქსელი Facebook-ი ინტერნეტში სიძულვილის ენის წინააღმდეგ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. როგორც გამოცემა Politico წერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Facebook-თან ექვსთვიანი პარტნიორობის დაწყების შესახებ განაცხადა. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაისამდე, ანუ ევროპარლამენტის არჩევნებამდე, რეგულარულ შეხვედრებს გამართავენ და იმსჯელებენ, რისი გაკეთება არის შესაძლებელი ინტერნეტიდან საზიანო კონტენტის ამოსაღებად. შეხვედრები გაიმართება პარიზში, დუბლინსა და კალიფორნიაში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა Facebook-თან თანამშრომლობას წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.
„ჩვენ ბრმად ვენდობით ჩვენს ყოველდღიურ ციფრულ ინსტრუმენტებს. დღეს, როდესაც ვუყურებ ჩვენს დემოკრატიას, ვხედავ, რომ ინტერნეტს ბევრად უკეთესად იყენებენ ექსტრემისტული და ტერორისტული ჯგუფები“, – აღნიშნა მაკრონმა.
როგორც გამოცემა Politico-სთან საფრანგეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად განაცხადა, ეს პარტნიორობა არის უპრეცედენტო ექსპერიმენტი, რომელიც საფრანგეთის ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, Facebook-ის საქმიანობაში ჩაიხედოს და კონკრეტული და ქმედითი რეკომენდაციები შეიმუშაოს.