საფრანგეთის ხელისუფლება აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საფრანგეთის ხელისუფლება აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტიდან ათი წლის შემდეგ, საფრანგეთი კვლავ ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს სრულყოფილად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლების ცალმხრივი აღიარება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფასა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევას.

„ზემოხსენებული რეგიონების მილიტარიზაცია, ასევე, აღნიშნული და საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობას შორის ურთიერთობების გამყარებისა და ნდობის აღდგენის მექანიზმებისთვის ხელის შეშლა მიუღებელია და აბრკოლებს ქვეყნის მოქალაქეთა შერიგების სასურველ პროცესს. საფრანგეთი მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, რათა მიღწეულ იქნას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება”,  – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.