საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვირუსი უფრო ინტენსიურად ცირკულირებს
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ოლივიე ვერანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვირუსი უფრო ინტენსიურად ცირკულირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ოლივიე ვერანის თქმით, ქვეყნაში დღეს 400 აქტიური კლასტერი ფიქსირდება.
„ეს გამოიხატა სასწრაფო დახმარების სამსახურების უფრო ხშირი გამოძახებით, კლასტერების რაოდენობით და საავადმყოფოებში გადაყვანილი პაციენტების რაოდენობის ზრდით“, – განაცხადა ოლივიე ვერანმა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ვირუსის ხელახლა გავრცელების საფრთხეს ხედავს, თუმცა „მეორე ტალღა ჯერ შორია“.
„ვხედავთ საგანგაშო ნიშნებს, რომ ეპიდემია ბრუნდება. ვირუსის ცირკულაცია მზარდია, თუმცა მეორე ტალღისგან ძალიან შორს ვართ“, – განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
20 ივლისის მონაცემებით, საფრანგეთში 176 754 კოვიდინფიცირებულია აღრიცხული. გარდაიცვალა 30 000-ზე მეტი პაციენტი.