საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი – მასწავლებლებს ან საჯარო სამსახურებს თავს როცა ესხმიან, მართლმსაჯულება სათანადოდ უნდა რეაგირებდეს, შვილების ქმედებების გამო მშობლებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ
მასწავლებლებს ან საჯარო სამსახურებს როდესაც თავს ესხმიან, ცხადია, მართლმსაჯულების სისტემა სათანადოდ უნდა რეაგირებდეს, – ამის შესახებ საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა განაცხადა.
„არსებობს აქტიური და ძალადობრივი უმცირესობა, ჩვენ უნდა დავაპატიმროთ ეს ადამიანები და წარვუდგინოთ მართლმსაჯულებას“, – აღნიშნა ჟერალდ დარმანინმა.
იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 28 სექტემბრიდან მოყოლებული, საშუალო სკოლების ბლოკირებასთან დაკავშირებული არეულობების დროს სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, დაახლოებით 1 793 ადამიანი იქნა დაკავებული. მათი 90 პროცენტი არასრულწლოვანია, ხოლო დაკავებულთა მესამედს ბრალი ედება ფიზიკურ პირებზე ძალადობაში.
„გენერალურ პროკურორებს ვთხოვე, პროკურორებისგან რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვონ მტკიცე რეაგირება, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება; ანუ, მშობლებს შვილების მიერ ჩადენილი ქმედებების გამო ფინანსური, სოლიდარული პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, – განაცხადა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა.