საფრანგეთის განვითარების სააგენტოს რეგიონული დირექტორი - ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მთავრობას, ძირითადი მიმართულება იქნება კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს რეგიონული დირექტორი - ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მთავრობას, ძირითადი მიმართულება იქნება კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონული დირექტორის, სესილ კუპრის განცხადებით, სააგენტო ეხმარება საქართველოს მთავრობას და ძირითადი მიმართულება კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა იქნება.

ამასთან, სესილ კუპრის განმარტებით, წამყვანი კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის ინიციატივაა, თუმცა საფრანგეთის განვითარების სააგენტო მრავალ ინიციატივას ახორციელებს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის კუთხით.

„ძირითადი მიმართულება იქნება კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა, მხოლოდ სოციალური კონვერტაციის აქცენტებით. თქვენ კარგად იცით, რომ საფრანგეთი არის საერთაშორისო, გლობალურ დონეზე ინიციატორი პარიზის საერთაშორისო შეთანხმებისა, რომელზე ხელმოწერაც გულისხმობს, რომ ყველაფერი გაკეთდეს შეთანხმების წევრ ქვეყნებში კლიმატის ცვლილების მიმართულებით.

ეს არის გრძელვადიანი ინიციატივა, რომელიც ბევრ წელზეა გათვლილი. შესაბამისად, აქ აქტუალური არის ქვეყნის მიერ გააზრებული და ნაკისრი ვალდებულება, ეს მოქალაქეებამდეც უნდა დავიდეს. მოქალაქეები უნდა გრძნობდნენ, რომ მათ მხარს უჭერს სახელმწიფო და ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ეს იქნება ჩვენი ძირითადი აქცენტი, მაგრამ ასევე ჩვენ მრავალ ინიციატივას ვახორციელებთ გარემოს დაცვის, ენერგეტიკის მიმართულებით, ასევე ვაფინანსებთ ხაშურში წყლის ფილტრაციის ობიექტის მშენებლობას. აქედან გამომდინარე, ჩვენი აქცენტები ძალიან ბევრია, ოღონდ ძირითადი და წამყვანი იქნება კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის ინიციატივა“, – აღნიშნა სესილ კუპრიმ.

საქართველო სამი წლის განმავლობაში საფრანგეთისგან დახმარების სახით 483 მილიონი ევროს დაფინანსებას მიიღებს.

საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონულმა დირექტორმა სესილ კუპრიმ.