საფრანგეთის ერთ-ერთი უმსხვილესი პროფკავშირის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონის გადასაწყვეტი არ არის, ვის შეეძლება აქციის გამართვა ან რა მარშრუტი ექნება დემონსტრაციას
საფრანგეთის ერთ-ერთი უმსხვილესი პროფკავშირის, CFDT-ის გენერალური მდივანი მარილიზ ლეონი აქციებთან დაკავშირებულ იმ შეზღუდვებს აკრიტიკებს, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიიღო.
გადაწყვეტილების მიხედვით, შაბათს მხოლოდ პროფკავშირების მიერ ორგანიზებული აქციები დაიშვება.
ლეონის თქმით, პრეზიდენტის საქმე არ არის იმის გადაწყვეტა, ვინ შეძლებს აქციის გამართვას ან მარშრუტის შეთავაზებას. მისი თქმით, ეს ნაბიჯი „სიბრაზეს ვერ ჩააცხრობს“.
ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა დაზვერვის ხელმძღვანელებსა და მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში „არალეგიტიმური” აქციები აიკრძალება. გასულ შაბათს მომხდარ არეულობასა და ძარცვაში მან „მეამბოხე” ულტრამემარცხენე ჯგუფები დაადანაშაულა.
საფრანგეთის პრეზიდენტის განმარტებით, პროფკავშირების მიერ ორგანიზებული აქციები ჩატარდება, თუმცა ბიზნესის დასაცავად მათი მარშრუტი, შესაძლოა, შეიცვალოს.