საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც 12 წელს ზემოთ პირებს გარკვეულ დაწესებულებებში ვაქცინაციის მოწმობის წარდგენის ვალდებულება აქვთ
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც 12 წელს ზემოთ პირებს გარკვეულ დაწესებულებებში ვაქცინაციის მოწმობის წარდგენის ვალდებულება აქვთ

სამდღიანი დებატების შემდეგ საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ვაქცინაციის პასპორტის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. შესაბამის ინიციატივას 214-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 93-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. 27-მა კი თავი შეიკავა.

ახლა კანონპროექტი სენატს გადაეგზავნება, რომელიც მის განხილვას მომავალი კვირიდან შეუდგება.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებამ არავაქცინირებული პირების შესახებ საზოგადოების ნაწილისა და ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. მაკრონმა განაცხადა, რომ სურს, საფრანგეთში არავაქცინირებულ ადამიანებს ცხოვრება გაურთულოს.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, ის არ გეგმავს საფრანგეთის მოსახლეობის იძულებით აცრას, თუმცა სურს, ადამიანების აცრისკენ წახალისება მათი ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვის ხარჯზე მოხდეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. „კოვიდ-19“ 332 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

„ფრანს 24-ის“ ცნობით, ახალი კანონპროექტის თანახმად, 12 წელს ზემოთ ასაკის პირები ვალდებული იქნებიან, წარადგინონ ვაქცინაციის მოწმობა რესტორნებსა და ბარებში, კულტურულ დაწესებულებებში შესასვლელად, ასევე რეგიონთაშორისი ტრანსპორტით მგზავრობისას. აქამდე მოქმედი რეგულაციით, მოქალაქეს აღნიშნულ დაწესებულებებში შესასვლელად შეეძლო „კოვიდ-19“-ზე ნეგატიური ტესტის პასუხის წარდგენაც.

დატოვე კომენტარი