საფრანგეთის ელჩი სამი დღით სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა
საფრანგეთის ელჩი სამი დღით სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა

საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა სამეგრელოში სამდღიანი ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში კოლასი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს, ალექსანდრე მოწერელიას და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა, ასევე შეხვედრები გამართა ეპარქიების ხელმძღვანელებთან და არასამთავრობო სექტორი წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ბოლო დღე ელჩმა მარტვილში, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად დადიანების სალხინოს რეზიდენციასა და მარტვილის საკათედრო ტაძარში გაატარა. სტუმრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ და ჭყონიდელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლ კაციამ უმასპინძლეს.

„დღეს, დასრულდა საფრანგეთის ელჩის სამ დღიანი ვიზიტი ჩვენს რეგიონში. ელჩის მიერ არის გამოხატული განსაკუთრებული დაინტერესება ჩვენი რეგიონის მიმართ, ჩვენ მისი დახმარებით, შევძლებთ ურთიერთობების გამყარებას, როგორც კულტურული კუთხით, განათლების, ტურიზმის და ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ.

დიეგო კოლასის შეფასებით, სამეგრელოში ვიზიტისას განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დახმარება, ტურისტული პოტენციალის განვითარების საკითხები და ამ სფეროებში თანამშრომლობა.

„მოხარული ვარ რომ ვიმყოფები აქ, ეს არის სტუმართმოყვარე სამეგრელოში ჩემი ვიზიტის ბოლო დღე. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი, მრავალი მიზეზის გამო. განვიხილეთ ისეთი საკითხები როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების დახმარება, ტურისტული პოტენციალის განვითარების საკითხები და ამ სფეროებში თანამშრომლობა. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ძლიერი ისტორიის საფუძველზე, ჩვენ ავაშენებთ ძალიან ძლიერ მომავალს. ჩვენ შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, გავეცანით სხვადასხვა ადგილებს, მადლობას გამოვხატავ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მიმართ გაწეული მასპინძლობისთვის“, – განაცხადა ელჩმა, დიეგო კოლასმა.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.