საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო, მეუღლესთან ერთად, მთაწმინდის პანთეონში მივიდა
საქართველოში საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო, მეუღლესთან ერთად, მთაწმინდის პანთეონში მივიდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
როგორც საელჩო წერს, გმირები საქართველოს იდენტობისა და სუვერენიტეტის დაცვის სიმბოლოები არიან.
„თბილისში ჩამოსვლიდან ორი დღის შემდეგ საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო და მისი მეუღლე საქართველოს შემოქმედი გმირებისთვის პატივის მისაგებად მთაწმინდის პანთეონს ესტუმრნენ – რწმენისა და მეხსიერების ადგილს, რომელიც ქალაქს თავისი სიმშვიდითა და ამაღელვებელი სიმარტივით გადმოჰყურებს.
წინააღმდეგობის მებრძოლებმა, პოეტებმა, განმანათლებლებმა, გენერალ გიორგი კვინიტაძის, ექვთიმე თაყაიშვილისა და ილია ჭავჭავაძის მაგალითზე, დაიცვეს საქართველოს კულტურული უნიკალურობა და თავისებური წვლილი შეიტანეს ქვეყნის დამოუკიდებლობაში. მათი ხსოვნისადმი პატივის მიგება ელჩის მიერ გასულ კვირას მათ ქართველ ძმებთან ვიზიტის გამოძახილია, რომლებიც საფრანგეთში, ლევილ-სიურ-ორჟში განისვენებენ. ეს გმირები განასახიერებენ საქართველოს იდენტობისა და სუვერენიტეტის დაცვას, ასევე ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. საქართველოსა და საფრანგეთის საერთო ისტორია მათი ბრძოლისადმი ერთგულების საერთო მოვალეობაა“, – წერს საფრანგეთის საელჩო.