საფრანგეთის ელჩი - ანტიტერორისტულმა ოპერაციამ დაგვანახა, რომ ქართული სპეცსამსახურები ეფექტურად მუშაობენ
საფრანგეთის ელჩი - ანტიტერორისტულმა ოპერაციამ დაგვანახა, რომ ქართული სპეცსამსახურები ეფექტურად მუშაობენ

საქართველოში საფრანგეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი პასკალ მენიე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. მან ქართული სპეცსამსახურების მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ყველა შოკირებულია იმით, რაც გასულ კვირას ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოხდა. ამ დროს ბათუმში ვიმყოფებოდი და მომხდარის შესახებ ტელევიზიით გავიგე. ვფიქრობ, ამ ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებამ დაგვანახა, რომ ქართული სპეცსამსახურები ეფექტურად მუშაობენ, რადგან მათ აღმოაჩნდათ საკმარისი ინფორმაცია ტერორისტების ადგილსამყოფელის შესახებ. რა თქმა უნდა, არ არის კარგი, რომ დამნაშავეებმა ადგილზე ამდენი იარაღის შეტანა მოახერხეს, მაგრამ, მთავარია, მათი ლიკვიდაცია და დაკავება მოხდა. როგორც იცით, საფრანგეთში არაერთი ტერაქტი განხორციელდა. მინდა, სოლიდარობა გამოვხატო საქართველოს მიმართ და ხაზი გავუსვა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის მნიშვნელობას, რადგან ვფიქრობ, ეფექტურობა სწორედ ამას მოაქვს“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, პასკალ მენიემ.